Search

18 სექტემბერი, 2011


ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას საავტომობილო გზის  24,8 კილომეტრიანი მონაკვეთის  რეაბილიტაცია დასრულებულია. დღეს, აღნიშნული გზა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, შემოქმედელმა  მიტროპოლოტმა იოსებმა და პრეზიდენტის რწმუნებულმა გურიის რეგიონში ვალერი ჩიტაიშვილმა გახსნეს.

რაიონული მნიშვნელობის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყო გზის საფუძველი, გამოიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხელოვნურ ნაგებობებს, სანიაღვრე სისტემებს,  სავალ ნაწილზე დაიგო გზის საფარი, რომლის ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე ათეული წელია. გზა ხუთი სხვადასხვა ფენისგან შედგება, რაც მის მედეგობას უზრუნველყოფს. ასევე, გაკეთდა გვერდულები,  ბეტონის კიუვეტები  და ეზოებამდე მისასვლელები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინირებით განხორციელდა. პროექტზე 200 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია.

აღნიშნული გზა გურიის 2 რაიონს, ოზურგეთსა და ლანჩხუთს აკავშირებს. მინისტრი ჯერ ოზურგეთის, შემდეგ ლანჩხუთის  მოსახლეობას შეხვდა, სოფლებში არსებულ პრობლემებს გაეცნო და ადგილობრივ მაცხოვრებლებს მათ მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა. გზის გახსნის საზეიმო ცერემონიალი ლანჩხუთის ფოლკლორული ანსამბლის „მხედრების" მიერ შესრულებული მრავალჟამიერით დასრულდა.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player