Search

18 აგვისტო, 2011


თბილისის შემოსავლელ გზაზე  მომსახურებისა და დასვენების კომპლექსი შენდება. დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა   ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა  აღნიშნული  ობიექტის მშენებლობის მიმდინარეობა პირადად მოინახულა.                                  

გერმანელი არქიტექტორის იურგენ მაიერის მიერ დაპროექტებული მომსახურების კომპლექსი თბილისის შემოსავლელ გზაზე, ლოჭინის კვანძთან  შენდება. პროექტით გათვალისწინებულია ბენზინგასამართი სადგურის, მოსასვენებელი კომპლექსისა  და მომსახურების ცენტრის მშენებლობა. მოსასვენებელ ცენტრში განლაგებული იქნება: სწრაფი კვების ობიექტი, მინი რესტორანი, საბანკო მომსახურეობის მცირე ოფისი, მარკეტი. მოხდება ტერიტორიის გამწვანება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვა.  მოეწყობა ნახევრად ღია საპიკნიკე ადგილები  და სპეციალური სავაჭრო ფართი სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციისათვის.

ობიექტი აღჭურვილი იქნება სამი კატეგორიის, ფართო მოცულობის  ავტოსადგომებით მსუბუქი ავტომობილებისათვის, ავტობუსებისათვის და სამარშრუტო ტაქსებისათვის. ასევე, ცალკე იქნება გამოყოფილი ადგილი, სატვირთო მისაბმელიანი მანქანების გასაჩერებლად.

თბილისის შემოსავლელი გზის მომსახურების კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს დაიწყო და 2012 წლის ზაფხულში დასრულდება. ამ ეტაპზე დასრულებულია ბენზინგასამართი სადგურის საძირკველის ჩაყრა და მთავარი სერვის ცენტრის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტს, რომელზეც 200-მდე ადამიანია დასაქმებული შპს. "პმ მოტორსი" ახორციელებს. მშენებლობას ზედამხედველობას და კოორდინირებას  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს.  მსგავსი ტიპის მომსახურებისა და დასვენების  ცენტრების მშენებლობა საქართველოს მასშტაბით, ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ, სულ 16 ადგილზეა დაგეგმილი.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player