Search

9 ივნისი, 2011


დღეს,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს ათასწლეულის ფონდის მიერ ახალციხე-ვარძიის გზის 57 კმ-იანი მონაკვეთის  და ვარძიაში ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული საავტომობილო გზის 57 კმ-იანი მონაკვეთიდან 41 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ხოლო 16 კმ-ის  რეაბილიტაცია ათასწლეულის ფონდმა განახორციელა. დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში კენტ ლოგსდონმა და ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბდუშელიშვილმა გახსნეს.

გზის რეაბილიტაცია 2009 წელს, ხოლო ხიდის მშენებლობა 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო. გზის საექსპლუატაციო ვადა მინიმუმ 20 წელია. ხიდის  სიგრძე - 67, სიგანე - 12.3,  ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 8 მეტრია. ახალი ხიდის აშენებამდე მოსახლეობას  ძველი, სტიქიისაგან დაზიანებული ხიდებით უწევდა სარგებლობა, რაც მათ სიცოცხლეს  საფრთხეს უქმნიდა. ახალი ხიდის აშენების შემდეგ, მოხდა ორი ამორტიზებული ხიდის დემონტაჟი. აღნიშნული გზისა და ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად: მოეწყო ავტოსადგომი და  მოსასვენებელი ადგილები, დამონტაჟდა გარე განათება და მოხდა ტერიტორიის მოპირკეთება. პროექტის განხორციელებისას 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.

აღნიშნული ხიდის მშენებლობა ათასწლეული ფონდის სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა 223 კმ გზის მშენებლობა-აღდგენა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. ეს გზა რეგიონის ძირითადი სატრანსპორტო დერეფნის როლს ასრულებს და თურქეთსა და სომხეთთან დამაკავშირებელ საზღვარს წარმოადგენს, რითაც ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. რეაბილიტაციის შემდეგ, თბილისიდან ახალქალაქამდე მანძილის დაფარვას 8 საათის ნაცვლად უკვე 3 საათზე ნაკლები სჭირდება.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player