Search

23 მაისი, 2011


დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ლევან ვარშლომიძემ აჭარის შემოვლითი გზის ერთ-ერთი  სეგმენტზე, ქობულეთის 12,4 კმ-იან შემოვლით გზაზე მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული გზის მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე  დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. აშენდება  რკინიგზის გადამკვეთი ესტაკადა, სამი სატრანსპორტო კვანძი, 5 სახიდე გადასასვლელი და 5 მშრალ ხევზე  გამავალი ხიდი. მოეწყობა  ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, სანიაღვრე სისტემები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.  ამჟამად მიმდინარეობს მიწის ვაკისის, ასევე ერთ-ერთ ხიდზე (მე-15+84 პიკეტზე ) ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები. ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის რაიონის სოფელ  ნატანების სიახლოვეს იწყება, სოფელ ოჩხამურზე გაივლის და მახინჯაურში დასრულდება. 
აღნიშნული გზა მეტად მნიშვნელოვანია რადგან, მისი მშენებლობის დასრულების შემდეგ  საკურორტო დაბა ქობულეთი  სატრანზიტო მოძრაობისაგან მთლიანად განიტვირთება, რაც დაბაში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებასა და ტურისტთა კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობასთან ერთად პროექტით  ჩაქვი მახინჯაურის 2,3 კმ-იანი, 2 ზოლიანი გზის  4 ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება და ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაცაა გათვალისწინებული.
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას და ჩაქვი-მახინჯაურის გზის მოდერნიზების სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს  და მისი ღირებულება 114.5 მლნ ლარია.  პროექტზე  პირდაპირ და ირიბად 1000-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა 70% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. 
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player