Search

15 მარტი, 2011


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყებას დაესწრო. აღნიშნული გზის მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.


აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის პირველი ეტაპი მისი ერთ-ერთი  სეგმენტის, ქობულეთის 12,4 კმ-იანი შემოვლითი გზის  მშენებლობით იწყება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე  დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. აშენდება  რკინიგზის გადამკვეთი ესტაკადა, სამი სატრანსპორტო კვანძი, 5 სახიდე გადასასვლელი და 5 მშრალ ხევზე  გამავალი ხიდი. მოეწყობა  ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, სანიაღვრე სისტემები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.  ამჟამად მიმდინარეობს მიწის სამუშაოები და მცენარეული გრუნტის მოხსნა. ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის რაიონის სოფელ  ნატანების სიახლოვეს იწყება, სოფელ ოჩხამურზე გაივლის და მახინჯაურში დასრულდება. 


აღნიშნული გზა მეტად მნიშვნელოვანია რადგან, მისი მშენებლობის დასრულების შემდეგ  საკურორტო დაბა ქობულეთი  სატრანზიტო მოძრაობისაგან მთლიანად განიტვირთება, რაც დაბაში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებასა და ტურისტთა კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.


ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობასთან ერთად პროექტით  ჩაქვი მახინჯაურის 2,3 კმ-იანი, 2 ზოლიანი გზის  4 ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებაცაა გათვალისწინებული.


აჭარის შემოვლითი გზის პროექტი ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობასაც ითვალისწინებს, რომლის დაწყებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.


ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას და ჩაქვი-მახინჯაურის გზის მოდერნიზების სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს  და მისი ღირებულება 114.5 მლნ ლარია.  პროექტზე  პირდაპირ და ირიბად 1000-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა 70% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.  ტენდერში ჩინურმა საგზაო სამშენებლო კომპანია "სინოჰიდრომ" გაიმარჯვა და დღეს, კონტრაქტს ხელი სამუშაოების დაწყებამდე მოეწერა.

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player