Search

15 ნოემბერი, 2010


სამცხე-ჯავახეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 209 მილიონი აშშ დოლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და  ათასწლეულის ფონდის მიერ განხორციელებული  ყველაზე მასშტაბური  და წარმატებული პროექტია. 

აღნიშნული პროექტი  ითვალისწინებს  საგზაო-სატრანსპორტო ქსელის აღდგენას ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, რის შედეგადაც შეიქმნება უკეთესი პირობები ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა ბიზნესის განვითარებისათვის. რეაბილიტირებული გზა ასევე ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების დაკავშირებას დანარჩენ საქართველოსთან, რაც თავის მხრივ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას დააჩქარებს. 

სამშენებლო სამუშაოები აშშ-ის მთავრობის, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსდა. გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2008 წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდა 224 კმ გზის მშენებლობა, მათ შორის თურქეთისა და სომხეთის საზღვრებამდე, ასევე აშენდა 15  ხიდი და სარეაბილიტაციო გზის გასწვრივ არსებული სადრენაჟო სისტემები. პროექტის დასრულების შემდეგ თბილისიდან ახალქალაქამდე  მგზავრობის ხანგრძლივობა 2:30 საათამდე შემცირდება, მაშინ როცა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ამ გზის გავლას 8 საათი სჭირდებოდა.

გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა (გერმანულ-ქართული ,,პაპენბურგ/ბლექ სი ჯგუფი", აზერბაიჯანული „აზერინშაათსერვისი" და „აკორდ ინშაათ სანეი") საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განახორციელეს. მშენებლობის პერიოდში ლაბორატორიულად მოწმდებოდა გზის საფარად გამოყენებული მასალების შემადგენლობის ხარისხი.

დაგებული გზის საექსპლუატაციო ვადა 20 წელია. მშენებლობის დასრულების შემდეგ გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player