ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
12 ივლ, 2018 15:25:37

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის, ქვეშეთი - კობის მონაკვეთზე 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის.

ქვეშეთი-კობის გზაზე, დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად. პირველ ლოტზე, რომელიც 10 კმ-იან გზას და 9 კმ-იან გვირაბს მოიცავს, ტენდერი 11 ივლისს გამოცხადდა და წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 29 აგვისტოა. ხოლო რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, ტენდერი მიმდინარე წლის 1 ივნისს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 18 ივლისს დასრულდება.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის  ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის  ნაწილია.  გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.  სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ჯვრის უღელტეხილზე, ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა. პროექტის დასრულების შემდეგ, სრულად მოგვარდება აღნიშნული პრობლემა და მგზავრობა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი. სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ  2018 წლის ბოლოს დაიწყება და 2022 წელს დასრულდება.

პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისი-ლარსის მიმართულებით, გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება.

სამშენებლო სამუშაოებს, აზიის განვითარების ბანკი  და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: