საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ქვეშეთი-კობის 22.7 კმ-იანი მონაკვეთის პროექტთან დაკავშირებული გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხები განიხილეს.
განხილვაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილეები, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები და დარგის სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე, პროექტის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარადგინა კომპანია „გამა“ კონსალტინგმა. პროექტის შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დარგის სპეციალისტებმა, ჰქონდათ გარკვეული შენიშვნებიც რაც დეტალურად გაანალიზდება და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში აისახება. საერთო ჯამში, სკოპინგის ანგარიში პროფესიული წრეების მხრიდან დადებით შეფასდა.
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის. ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად.
პროექტის განხორციელების შედეგად, მივიღებთ უფრო უსაფრთხო და საიმედო პირობებს ზამთრის პერიოდში გზით მოსარგებლე მგზავრებისთვის, გარდა ამისა ახალი გზა აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს.
გზა ასევე გაუუმჯობესებს ხეობაში დარჩენილ მოსახლეობას საარსებო პირობებს, რომელიც ამ დროისთვის ზამთარში მოწყვეტილია დანარჩენ სამყაროს და ხადას ხეობის სოფლები თითქმის დაცლილია.
ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1 საათიანი მგზავრობის ნაცვლად აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი.
ქვეშეთი-კობის პროექტზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკონსულტაციო შეხვედრა, სოფელ ქვეშეთში 7 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.