თუშეთის გზის პირველი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თუშეთის გზის პირველი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
04 მაი, 2023 13:34:25

ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო  მოძრაობის  უსაფრთხოების  გაუმჯობესების  პროექტის ფარგლებში, პირველი, 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ითვალისწინებს  საავტომობილო  გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.

თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 5 პროექტზე, რაც გზის 39 კმ-მდე მონაკვეთის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოებს მოიცავს და მისი ღირებულება, ჯამში, 43.6 მილიონი ლარია. დარჩენილ 43.6 კმ-ზე კი, რომელიც 3 მონაკვეთისგან შედგება, სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება. ამ ეტაპზე, ერთ მონაკვეთზე ტენდერი გამოცხადებულია, ხოლო 2-ზე უხალოეს დღეებში გამოცხადდება.

ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე  ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები.

თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს   უკავშირდება. თუშეთის გზა,  გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი, აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. რთული რელიეფისა  და  მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა  წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება. პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონი ლარია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: