ირაკლი ქარსელაძე - „ხიდის დაზიანებული ბურჯისა და ამის შედეგად ჩაწოლილი მონაკვეთის შესწავლა უკვე დაწყებულია
ირაკლი ქარსელაძე - „ხიდის დაზიანებული ბურჯისა და ამის შედეგად ჩაწოლილი მონაკვეთის შესწავლა უკვე დაწყებულია
22 თებ, 2023 17:21:45

„სამტრედია-გრიგოლეთის  საავტომობილო გზის პირველ ლოტზე, რომელზეც მიმდინარეობს მშენებლობა, დაზიანდა მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი, რამაც გამოიწვია ამ ბურჯზე დაყრდნობილი ორი მალის ნაშენის ჩაწოლა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, რაც ყველაზე მთავარია,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე მშენებარე ხიდის დაზიანებული მონაკვეთის ადგილზე დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, შესაბამის სპეციალისტებს უკვე დაწყებული აქვთ  შესწავლა.

„უკვე დაწყებულია მიზეზების შესწავლა, ჩართულია აბსოლუტურად ყველა შესაბამისი სამსახური, ექსპერტები, ინჟინრები, რათა დადგინდეს ამის გამომწვევი მიზეზები. ბუნებრივია, შესწავლის შედეგად, მიზეზებიდან გამომდინარე, უკვე განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

შემთხვევის ადგილზე დილიდან იმყოფებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი. მდინარე რიონის წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება დაზიანებული და ჩაწოლილი მონაკვეთის სპეციალური შესწავლა.

სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 11.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. გზის ეს მონაკვეთი გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს). სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: