საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა
საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა
10 თებ, 2023 17:17:57

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, კახეთის მაგისტრალური გზის შემადგენელ საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ თურქულ კომპანია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret Anonim Sirketi-თან ხელშეკრულება  გაფორმდა.

პროექტის ფარგლებში, აშენდება ახალი სატრანსპორტო კვანძი სოფელ ბადიაურთან, 4 ხიდი, 8 გზაგამტარი და 86 წყალგამტარი მილი. პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია საპროექტო მონაკვეთის მიმდებარედ არსებული ადგილობრივი საგზაო ქსელის გაუმჯობესება და მისი აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირება.

საგარეჯო-ბადიაურის 4 ზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთი კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ყველაზე მნიშვნელოვან, 35 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც თბილისიდან საგარეჯომდე ჩადის და 3 მონაკვეთად შენდება: ვაზიანის შემოვლითი გზა, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი და საგარეჯოს შემოვლითი გზა.  ვაზიანის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წელს, ხოლო დანარჩენი ორი მონაკვეთის - 2024 წელს იგეგმება.  პროექტით გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რაც, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით, 110 კმ საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს.

სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იან მონაკვეთზე, ხოლო გურჯაანის შემოვლითი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა  დასრულებულია.

საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 276.7 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: