რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
29 ნოე, 2022 13:48:56

„აქტიურად მიმდინარეობს რიკოთის საუკუნის პროექტი. მოვინახულეთ ყველა მონაკვეთი. გამორჩეულად დაწინაურებულია ხევი-უბისა და უბისა-შორაპნის მონაკვეთები, სადაც წლის ბოლოსთვის დაგეგმილი პროგრესი 87% და 83% გვექნება და შესაბამისად, ვგეგმავთ დაახლოებით 11კმ-დან 15კმ-მდე გზის მშენებლობის დასრულებას. მასშტაბურ პროექტებს ყოველთვის ახლავს სხვადასხვა ხასიათის გამოწვევები. ეს იქნება გეოლოგიური, მეწყრების სახით, მეტეოროლოგიური, ნედლეულის მიწოდების თუ სხვა. მაგალითად, მეტალის მოწოდებასთან დაკავშირებით შეგვექმნა გარკვეული პრობლემები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოვახერხეთ გადაწყობა, მაინც გვაქვს მეტალის მასალის დაგვიანება, რომელიც, რა თქმა უნდა, აისახება სამუშაოების მიმდინარეობაზე. ამასთან, ხარისხი არის ჩვენი პრიორიტეტი და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული  კლიმატურ პირობებზე, რათა უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის საფარის მოწყობა. შესაბამისად, სწორედ ამაზეა დამოკიდებული წლის ბოლოსთვის დავასრულებთ თუ არა 11 კმ-იან და 15 კმ-იან გზის მონაკვეთებს. რიკოთზე მიმდინარე სამუშაოების პროგრესი, საერთო ჯამში,  იძლევა იმის თამამად თქმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელს რიკოთის პროექტი დასრულდება და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც საერთაშორისო, რეგიონულ ჭრილში, ისე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის ყველა მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

რიკოთზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, პარალელურად,  ყველა გვირაბზე მიმდინარეობს.

51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 37 გვირაბი, საიდანაც 3 დასრულებული გვირაბით სატრანსპორტო საშუალებები უკვე სარგებლობენ.

97 ხიდიდან, სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 91 ხიდზე, საიდანაც 52 უკვე აშენებულია, 6 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 მონაკვეთად არის დაყოფილი  (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი; ხევი-უბისას მონაკვეთი; უბისა-შორაპანის მონაკვეთი; შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი).

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: