საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება
13 ოქტ, 2022 12:33:48

მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოგვიწია „ტელეკომპანია პირველის“ სიუჟეტებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებების გავრცელება,  გუშინდელმა შემთხვევამ გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს.

სიუჟეტში, რომელიც მომზადდა სოფელ სვიანა-როსტიანის მაცხოვრებელთა მიერ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა არ გამოიყენა საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მიწოდებული წერილობითი განმარტება და სანაცვლოდ, გაავრცელა დეპარტამენტის თანამშრომლის მოდელირებული კომენტარი. 

მოდელირება გამოიხატა იმაში, რომ სხვა ადამიანის სატელეფონო კომენტარის ტიტრებში მითითებული იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლის სახელი, გვარი და თანამდებობა. მეტიც, გამოყენებული იყო თანამშრომლის ფოტოსურათიც.

ამ შემთხვევას შეცდომად ნამდვილად ვერ ჩავთვლით, ვინაიდან, ჟურნალისტს უშუალოდ ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომელთან, რომელსაც ამ საკითხზე მისთვის კომენტარი არ მიუცია და სთხოვა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირება. სიუჟეტის გასვლის შემდეგ კი, ჟურნალისტი კვლავ დაუკავშირდა დეპარტამენტის თანამშრომელს და უმტკიცებდა, რომ გასული კომენტარი ნამდვილად მას ეკუთვნოდა, თუმცა, შესთავაზა სიუჟეტიდან მისი ამოღება მაშინ, როდესაც სიუჟეტი ტელეკომპანიის მთავარ გამოშვებაში უკვე გასული იყო.

გასაგებია, რომ დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება, სიუჟეტს სასურველ სიმწვავეს დაუკარგავდა, მაგრამ, ჟურნალისტური სტანდარტის ასეთი უხეში დარღვევა, სწორედ მაყურებლის, საზოგადოების უკიდურესი უპატივცემულობაა.

ამასთან, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც არ იქნა გამოყენებული სიუჟეტის მომზადებისას.

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, სვიანა-როსტიანის სოფლის მოსახლეობასთან საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა და კონსულტაცია გამართეს.  მოისმინეს მათი ყველა  პრობლემა  დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით. მშენებლობის დაწყებამდე ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ სახლები იმთავითვე დაზიანებული იყო და გზის მშენებლობას ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. უფრო მეტიც, სოფელი სვიანა-როსტიანი მდებარეობს მშენებარე გზიდან 200 მეტრის დაშორებით. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოსახლეობას პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზა, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა. კომუნიკაცია მოსახლეობასთან გრძელდება და გაგრძელდება საბოლოო შეთანხმებამდე.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: