ხულო-ზარზმის გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს
ხულო-ზარზმის გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს
30 სექ, 2022 10:04:40

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს როგორც გზის ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ისე ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 42 კილომეტრიან გზას უტარდება. პირველი მონაკვეთი ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება მეორე კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების საერთო ღირებულება 95 689 302 ლარს შეადგენს.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას, რადგან იგი აკავშირებს ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან.

საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაც. ამასთან, განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: