ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს
ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს
17 მაი, 2022 16:17:02

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს უტარდება.

აღნიშნულ მონაკვეთზე, რომელიც მაღალ მთაში გადის, დიდთოვლობისა და რთული მეტოროლოგიური პირობების გამო სამუშაობის წარმოება სირთულეებთანაა დაკავშირებული. კონტრაქტორმა კომპანიებმა სამუშაოების გასაახლებლად, გზაზე რამდენიმე მეტრიანი თოვლის საფარი გაწმინდეს. ამასთანავე, სამუშაოების წარმოების პერიოდში კონტრაქტორმა კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ ავტოტრანსპორტის განვლადობა, რათა დასახლებულ პუნქტებამდე მისვლა შესაძლებელი იყოს. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს კურორტ ბეშუმამდე მისასვლელ გზაზეც.

გზის გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, კომპანიები ტექნიკის მობილიზებას და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებენ.

ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. 5 კმ-მდე მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 14.6 მლნ. ლარია. ხოლო 42 კმ-იანი მონაკვეთი ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

პროექტის განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: