ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
05 აპრ, 2022 10:12:35

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და გვირაბების, მათ შორის ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი გვირაბის  მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარით წარმოებს. ამ ეტაპზე, მთავარ გვირაბში სამუშაოები უკვე 1240 მეტრის, ხოლო საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა 2840მ-ის სიღრმეში ხორციელდება. პარალელურად ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გვირაბამდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები.

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში აშენდება: 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის   გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და განხორციელდება 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა 9 კმ. სიგრძისა და 15 მ. დიამეტრის გვირაბი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური გვირაბი იქნება.

ამჟამად არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ახალი 23 კმ-იანი გზა კი, მანძილს 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 1 საათით შეამცირებს. ამასთან, ტრანზიტული გადაზიდვები აღარ განხორციელდება კურორტ გუდაურის გავლით, რაც, ერთი მხრივ, განტვირთავს კურორტს, მეორე მხრივ კი თავად სატრანზიტო მიმოსვლას მეტად უსაფრთხოს გახდის.

პროექტის ფარგლებში, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა, გუდაური განიტვირთება არასაკურორტო მოძრაობისაგან, რაც გაზრდის როგორც უშუალოდ კურორტის, ისე რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (ADB, EBRD)  ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: