საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს
საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს
03 იან, 2022 11:13:49

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით აქტიურ რეჟიმში გრძელდება, რათა ავტოტრანსპორტის გადაადგილება უმოკლეს პერიოდში აღდგეს.

ამ დროის მონაცემებით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის, ალპანა-ცაგერის და საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დაწესებული რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე:

თოვლისა  და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის  მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის  საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ასევე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინტენსიური თოვის გამო, ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითდა დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: