საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
23 დეკ, 2021 09:01:13

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაურიდან 99-ე კმ-მდე  ზვავსაშიშროების დონე დაბალია და შესაძლებელია გაწმენდითი სამუშაოების წარმოება

მთელი ღამის განმავლობაში საქართველოს საავტომობილო გზებზე ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა  მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მიმართულებისა, აქტიური გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა დილიდან მიმდინარეობდა.

გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დილიდან აკრძალულია ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტისათვის, ზოგიერთზე კი გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღდეგო ჯაჭვებით.

გზებზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების მიუხედავად, ავტოტრანსპორტის გადაადგილებას, ინტენსიური ნალექის გარდა, გუშინ აფერხებდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოცურების საჭინააღმდეგო ჯაჭვების, ზოგ შემხვევაში კი, არასეზონური საბურავებით მოძრაობა.

ამ დროისთვის, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა კვლავ მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, რიკოთის უღელტეხილის რიგ მონაკვეთებზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო ზოგიერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ასევე აკრძალულია ხაშური-აწყური, საჩხერე-ონის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის (ნაქერალას უღელტეხილი), ლენტეხი-მელეს, ხაიში-კალას, ახალციხე-ნინოწმინდას და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და ასევე გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ12-კმ106 მონაკვეთზე.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მთის გზებზე -   კორშა-შატილის მონაკვეთზე, კალა-უშგულის მონაკვეთზე, ფარავანის უღელტეხილის მონაკვეთზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი  მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვას საქართველოს გზებზე დაწესებული შეზღუდვები და გზებზე, სადაც მოსალოდნელია ნალექი და დაბალი ტემპერატურა იმოძრაონ ზამთრის სეზონური საბურავებით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: