ქუთაისში 57 ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდა
ქუთაისში 57 ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდა
10 აგვ, 2021 15:42:27

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წლიდან დღემდე ქალაქ ქუთაისში 57 ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია დაასრულა.

ქუთაისის 60 ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ქალაქების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, მთავრობის დავალებით დაიწყო, საიდანაც 57 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა.

ქუთაისის 2 ცენტრალური, მჭირდოდ დასახლებული ქუჩის - აღმაშენებლისა (3 კმ) და წერეთლის ქუჩების (2.8. კმ), სრული რეაბილიტაცია 2020 წლის სექტემბერში დაიწყო და 2021 წლის სექტემბერში დასრულდება.

სამუშაოების დასრულების რამდენიმე თვიანი გადავადება სრულიად ამორტიზირებული სანიაღვრე ქსელის ნაცვლად ახალი სანიაღვრე სისტემის მშენებლობის პროცესში გამოვლენილმა მიწისქვეშა კომუნიკაციების საფუძვლიანი აღდგენისა და გამოცვლის აუცილებლობამ განაპირობა. საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების დაგეგმვა და ჩატარება.  ამასთან, აღმაშენებლის ქუჩაზე სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოუწია კონტრაქტორ კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა და ახალი კონტრაქტორის გამოვლენა, რასაც ობიექტურად მეტი დრო დასჭირდა.

ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, რეაბილიტირებულ ქუჩებზე აღდგა ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები, სანიაღვრე და წყალარინების ქსელი, ტროტუარები და მოეწყო საგზაო ნიშნები.

სარეაბილიტაციო ქუჩების ჯამურმა ღირებულებამ 39 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო საერთო სიგრძემ 34 კმ-ზე მეტი შეადგინა.

გარდა ამისა, 2019-2020 წლებში დასრულდა ქუთაისის 2 ცენტრალური - ახალგაზრდობისა და ჭავჭავაძის, გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის პერიოდული შეკეთების სამუშაოები.

ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს ქალაქ ზუგდიდისა და ფოთის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებსაც. ქალაქ  ზუგდიდიში 67 ქუჩიდან უკვე დასრულდა 47 ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ქალაქ ფოთში სამუშაოები დასრულდა 4 ქუჩაზე, 5 ქუჩის რეაბილიტაცია კი ახლა იწყება.

ქალაქების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სრულად წესრიგდება ქალაქების საგზაო ინფრასტრუქტურა, ახლდება საინიაღვრე სისტემები, ეწყობა ეზოში შესასვლელები და ტროტუარები, რაც ქალაქებში უსაფრთხო, კომფორტულ გადაადგილებას და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: