ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ეტაპობრივად 100 კმ გზის რეაბილიტაცია განხორციელდა
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ეტაპობრივად 100 კმ გზის რეაბილიტაცია განხორციელდა
25 ივნ, 2021 11:55:13

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან, ამიტომ ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ისე ქვეყნის მოსახლეობისათვის.

გზის ამ მონაკვეთს რეაბილიტაცია 40 წელი არ ჩატარებია. გზა იყო ძლიერ ვიწრო და გრუნტიანი, რომელზეც ხშირად ვითარდებოდა მეწყრული პროცესები, ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი არ იყო უსაფრთხო.  

ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინასებითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე  უკვე დასრულებულია გზის 84 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ხოლო 16 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები ზაფხულში დასრულდება.

გზის რეაბილიტაციასთან ერთად მიმდინარეობს 17 ახალი ხიდის მშენებლობა. ძველი ხიდების უმეტესობა აშენებულია 60-იან წლებში, რის გამოც ვეღარ უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელობნად გაუმჯობესდა საავტომობილო გზის პარამეტრები, მოეწყო რკინაბეტონის ხელოვნური ნაგებობები - საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები. ასევე, საავტომობილო გზის მთელ მონაკვეთზე ჩატარდა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები - მოეწყო ახალი საგზაო ნიშნები, გზის ჰორიზონტალური მონიშვნები და ზღუდარები. ახალი სახიდე გადასასვლელების მშენებლობით კი, გაუმჯობესდა გზის მრუდე მონაკვეთების უსაფრთხოება და ხიდების მზიდუნარიონობა.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის რეაბილიტაციით შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდება ბევრად უსაფრთხო. გაუმჯობესებული გზა  ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებასაც.  

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: