ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის ასაშენებლად TBM-ის დანადგარი საქართველოში ჩამოვიდა
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის ასაშენებლად TBM-ის დანადგარი საქართველოში ჩამოვიდა
06 იან, 2021 12:38:52

ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine)  დანადგარი საქართველოში უკვე ჩამოვიდა.

9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, საქართველოში პირველად განხორციელდება  გვირაბგამყვანი მანქანის - TBM-ის საშუალებით. TBM-ის დანადგარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური გვირაბგამყვანი მანქანაა. ამ მეთოდით გვირაბის მშენებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და მეტად უსაფრთხოა. TBM-ის მანქანა, გვირაბის გაყვანის პარალელურად, უზრუნველყოფს გვირაბის ბეტონით მოპირკეთებას, რაც კიდევ უფრო ზრდის უსაფრთხოების სტანდარტს. 

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.

ქვეშეთი-კობის არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე.  ზამთრის დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, არსებულ გზაზე გადაადგილება არ არის უსაფრთხო. ახალი მაგისტრალური გზისა და გვირაბის მშენებლობით მოგვარდება მრავალწლიანი პრობლემა და წელიწადის ნებისმიერ დროს ამ მარშრუტზე შესაძლებელი გახდება ავტოტრანსპორტის შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მოძრაობა .

გვირაბი, რომელიც ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის  პროექტის ფარგლებში აშენდება, სიგრძით 9 კმ, ხოლო სიგანით 15 მეტრი იქნება და მისი ანალოგი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში არ იარსებებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: