საავტომობილო გზების დეპარტამენტი მეგზევეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მეგზევეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
10 დეკ, 2020 10:04:56

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მეგზევეებს პროფესიულ დღეს ულოცავს, რომელიც 10 დეკემბერს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება.

უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარების მიუხედავად,  პრაქტიკულად არ გაჩერებულა საგზაო ინფრასტრუქტურის სისტემური პროექტები და დეპარტამენტი, კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, სრული დატვირთვით მუშაობდა.

გამორჩეულად წარმატებული იყო 2020 წელი საავტომობილო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსზრისით. მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა 1 მილიარდი 271.95 მილიონი ლარი და წლის ბოლომდე გადაჭარბებით შესრულდება პანდემიამდე დაგეგმილი ბიუჯეტი.

შესაძლებელი გახდა უპრეცენდენტოდ მასშტაბური სამუშაოს შესრულება  და გაიხსნა 47 კმ. ახალი ჩქაროსნული გზა და წლის ბოლომდე კიდევ 22.3 კმ გზა გაიხსნება. საერთო ჯამში, წელს ექსპლუატაციაში შევა 70 კმ-მდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რაც რეკორდული მაჩვენებელია დეპარტამენტის არსებობის ისტორიაში. 

ექსპლუატაციაში შესული მონაკვეთების გათვალისწინებით, 2021 წლიდან თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო  1 საათით შემცირდება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოება. 

აქტიურად მიმდინარეობს რიკოთის საუკუნის პროექტის მშენებლობა, სადაც უკვე გაჭრილია 5 ახალი გვირაბი და წლის ბოლომდე კიდევ 3 გვირაბის გაჭრა იგეგმება. ამ დროისათვის, სამუშაოები 96 ხიდიდან 53 ხიდზე და 53 გვირაბიდან 39 გვირაბზე მიმდინარეობს. 2021 წელი გარდამტეხი იქნება პროექტის განხორციელებაში. საინჟინრო თვალსაზრისით რიკოთის პროექტი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ურთულესია, ამიერკავკასიაში კი მსგავსი პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.

დაწყებულია და აქტიურ ფაზაში შედის, ქვეშეთი-კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. პროექტის განხორციელება შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნვეყოფს რეგიონში, ხოლო სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილების დროს 1 საათით შეამცირებს.

2020 წლის, თავდაპირველი გეგმის შესაბამისად განხორციელდა  600 კმ-მდე, გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება.  მათ შორის რეაბილიტირდა ისეთი მნიშვნელოვანი გზები როგორიცაა: გორდი-ძეძილეთი,  მარნეული-გუგუთი,  ხორნაბუჯი-ერისიმედი, ახალქალაქი-ბავრა, წესი-ურავი, დაფნარი-ჯაპანა და მრავალი სხვა. ამასთანავე, დიდ ქალაქებში ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის ფარგლებში: ქუთაისში, ზუგდიდში და ფოთში ჯამში 113 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება, საიდანაც 40 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულბულია, ხოლო დანარჩენ მათგანზე სამუშაოები მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარატმენტი აგრძელებს მაღალმთიანი რეგიონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ე. წ. მთის გზების პროგრამას. 2021 წელს დასრულდება საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, მიმდინარეობს ბაღადათი-აბასთუმნის გზის მშენებლობა, შატილამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის ფარგლებში კი უკვე დასრულებულია 70 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.

სამწუხაროდ, პანდემიის გამო, დეპარტამენტი წელს მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მეგზევეთა პროფესიული წრის წარმომადგენლებთან ერთად ტრადიციად ქცეული საზეიმო ღონისძიება ჩაატაროს.

გამოწვევებით სავსე წლის განმავლობაში,  შესრულებული სამუშაოსთვის დეპარტამენტი მადლობას უხდის   თანამშრომლებს, კონტრაქტორ კომპანიებს,  ინჟინერ-პროექტანტებს და ყველა იმ უწყებას და ადამიანს რომლებმაც თავისი წვილი შეიტნეს 2020 წლის მიღწევებში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგზევის პროფესიულ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და ქვეყნის განვითარების საქმეში საკუთარი, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას!  

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: