საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ხაშურის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა
ხაშურის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა
22 აგვ, 2020 14:29:02

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა  დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტრიით განხორციელდა და 133 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერის წილი პროექტში 50 მლნ. ლარია.

ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლოატაციაში შევიდა 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს 2 ზოლიან გზაზე. გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ვე კილომეტრი 4 ზოლიანი იქნება.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაურთდება არსებულ გზას. ამ მონაკვეთზე აშენდა 420 მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.

ხაშურის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქ ხაშურს საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად განხორციელდება ახალ გზაზე. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდება და 20 წუთის ნაცვლად 10 წუთში იქნება შესაძლებელი.

ხაშურის შემოვლითი გზა, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია. ჩუმათელეთის შემოვლითი გზის დასრულების შემდეგ, გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ამ გზით  გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს და ჩუმათელეთს. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.   

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლოატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო.

ახალი გზა გვერდს აუვლიან ხაშურის ე.წ. „ჰამაკების ბაზრობასაც“. თუმცა, იმისათვის, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლრობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს, გზის შესაბამის მონაკვეთებთან, მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით. ახალი სავაჭრო სივრცეები, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო განავითარონ ბიზნესი უსაფრთხოების და სხვა აუცილებელი სტანდარტების პირობებში.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: