ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იან მონაკვეთის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა
ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იან მონაკვეთის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა
04 აგვ, 2020 11:57:34

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შესრულების მიზნით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში კომპანია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა და ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს.  გზის მონაკვეთი დაყოფილია 2 ნაწილად (ლოტად) და  არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ  95 მილიონი ლარით ფინანსდება.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი 5 კმ-იანი მონაკვეთი, სადაც სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

 ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე საერთაშორისო ტენდერი განმეორებით გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კონტრაქტორ კომპანია „ტოდინთან“ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეწყდა, ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო  გარანტიების ამოქმედების შედეგად კი სახელმწიფომ  დაახლოებით 10 მილიონი ლარი  მიიღო.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა, რომელიც რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია,  სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს.

განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

პროექტის განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალი შესაძლებლობებს გაუჩენს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: