გზების დეპარტამენტმა 9 თვეში 640 კმ გზის რეაბილიტაცია განახორციელა
გზების დეპარტამენტმა 9 თვეში 640 კმ გზის რეაბილიტაცია განახორციელა
24 ოქტ, 2019 12:15:58

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში 640 კმ. გზის რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთების სამუშაოები განახორციელა, რაც 3-ჯერ მეტია წინა წლის მთლიან, წლიურ მაჩვენებელზე.

წელს, სულ 313 ხელშეკრულება გაფორმდა, რომელთა ჯამური ღირებულება 725 მლნ ლარია, ტენდერებისგან მიღებულმა ეკონომიამ კი 66,5 მლნ ლარი შეადგინა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში 50-მდე ახალი კომპანია მონაწილეობდა.

უახლოეს თვეებში  გზების დეპარტამენტი არაერთი მნიშვნელოვანი რეაბილიტაციის პროექტის დაწყებას გეგმავს, მათ შორისაა:  ჭიათურა-ზესტაფონის გზის 32 კმ-იანი მონაკვეთი, სენაკი-ზუგდიდის მიმართულებთ 18,5 კმ-იანი ცალკეული დაზიანებული მონაკვეთები, ოზურგეთი–ბჟუჟჰესი–გომისმთას საავტომობილო გზის მიმართულებით 20 კმ-იანი მონაკვეთი, ხიდისთავი-ატენის დამაკავშირებელი გზის 12 კმ-იანი მონაკვეთი, რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზის გზის 12 კმ-იანი მონაკვეთი, სამთაწყარო-საბათოლოს მიმართულებთ 13 კმ-იანი მონაკვეთი და სხვა.

ამასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების რაოდენობამ  54 ობიექტი შეადგინა, რომლის ჯამური საორიენტაციო ღირებულება დაახლოებით  200 მლნ ლარია. პროექტების ფარგლებში  მოხდება 220 კმ-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და  5 ხიდის მშენებლობა, მათ შორის: ქალაქ ქუთაისში 10 ქუჩისა და ქალაქ ზუგდიდში 9 ქუჩის რეაბილიტაცია. ასევე, 20-მდე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ობიექტების რაოდენობა  35 პროექტს შეადგენს, რომლის ჯამური სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 190 კმ-მდეა და ჯამური საორიენტაციო ღირებულება 150 მლნ ლარი.

2020 წელს დასრულდება ისეთი რეგიონული პროექტები, როგორიცაა ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის 25 კმ-იანი მონაკვეთი, თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელი 28 კმ-იანი მონაკვეთი, ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის 10 კმ-იანი მონაკვეთი, ხორნაბუჯი-ერისიმედის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და ბაკურციხე-გურჯაანის 15 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: