ქვეშეთი-კობის გზის 2 მონაკვეთზე ხელშეკრულება აგვისტოსა და სექტემბერში გაფორმდება
ქვეშეთი-კობის გზის 2 მონაკვეთზე ხელშეკრულება აგვისტოსა და სექტემბერში გაფორმდება
13 აგვ, 2019 13:38:16

საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6 თვის ანგარიშის წარდგენისას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გამოყო. მისი თქმით, რიკოთის საუღელტეხილო გზასთან ერთად, ქვეყნისთვის და მაგისტრალური გზების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა.

„უმნიშვნელოვანესია  ქვეშეთი-კობის პროექტი, რომელიც 2 ლოტადაა დაყოფილი და ხელშეკრულებები გაფორმდება აგვისტო-სექტემბერში, ხოლო რაც შეეხება ნატახტრის მონაკვეთს,  საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

სულ რამდენიმე დღის წინ ქვეშეთი-კობის პროექტისთვის, აზიის განვითარების ბანკმა  415 მილიონის დოლარის ფინანსური რესურსი დაამტკიცა, რისთვისაც  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ და ყველა სხვა ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებს.

ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა, მათ შორის თაღოვანი ხიდისა და ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა და ნამდვილად ამიერკავკასიაში ეს არის პირველი ასეთი მასშტაბური გვირაბი“ - განაცხადა ირაკლი ქრსელაძემ.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის  ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის  ნაწილია.  გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით.  ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო და საიმედო პირობებს ზამთრის პერიოდში გზით მოსარგებლე მგზავრებისთვის,  გარდა ამისა ახალი გზა აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს.

აღნიშნული გზით ინტენსიურად სარგებლობენ საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები (თურქეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და სხვა), ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები. ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის უმოკლესი გზაა ცენტრალური აზიის ევროპასთან და აღმოსავლეთ აზიასთან დასაკავშირებლად.

ახალი გზა, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ქვეშეთს, კობსა და კავკასიონის ულამაზეს მთებს შორის გაივლის, უზრუნველყოფს უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: