ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის პროექტირება აქტიურ ფაზაშია
ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის პროექტირება აქტიურ ფაზაშია
07 მარ, 2019 17:06:17

ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი  საავტომობილო გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის  მშენებლობის პროექტირება აქტიურ ფაზაშია.  მიუხედავად პროექტირების მიმდინარეობისას არსებული შეფერხებებისა,  ლენტეხი-მესტიის ახალი გზის განვითარება გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით განახლებულმა საპროექტო გუნდმა მოახერხა გზის სიგრძის 80%-ის დაზუსტება. ამ ეტაპზე, ძალიან რთული რელიეფური და ჰიდროგეოლოგიური მონაცემების დაზუსტება-დამუშავება მიმდინარეობს. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მთელ მარშრუტზე ხელოვნური ნაგებობების დაპროექტება.

ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის სავარაუდო სიგრძე 27 კმ-ია, ასევე დაგეგმილია 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გზის სიგანე 8 მეტრი იქნება, საიდანაც 6.5 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარისთვისაა განკუთვნილი, დანარჩენი კი გვერდულებისთვის.

ლენტეხისა და მესტიის დამაკავშირებელი გზა, ლენტეხიდან დაიწყება, გაივლის ლასკადულას ხეობას, მთიან მასივს 9 კმ-იანი გვირაბით და ლაილაჭის ხეობის გავლით შეუერთდება ზუგდიდი-მესტიის გზას, ლეშგუანის დასახლებასთან. ამ გზით, ზემო და ქვემო სვანეთი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ერთმანეთს. პროექტის დასრულების შემდეგ, ლენტეხი-მესტიის მიმართულებით გადაადგილების დრო დაახლოებით 1.5 საათით შემცირდება.

გზა გაივლის 36 სოფელს, მათ შორის, საყდარს, მარგვიშს, ლაშხეთის სოფლებს. ამ მონაკვეთის მშენებლობა იძლევა საშუალებას ცაგერი-ლენტეხის გავლით, უმოკლესი გზით მოხვდეს ადამიანი მესტიაში.

პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილდნენ უსაფრთხოდ და კომფორტულად, შემცირდება მგზავრობის დრო. აღნიშნული მუნიციპალიტეტები სრულად შეძლებენ ტურისტული პოტენციალის გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს მესტია-უშგულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. რეაბილიტირდება  ლასდილის-ცაგერის მიმართულებაც და შეიკვრება ერთიანი რკალი, რომლითაც 2 რეგიონი დაუკავშირდება ერთმანეთს. ამ მიმართულებით 32 კილომეტრის პროექტი უკვე მიღებული აქვს დეპარტამენტს.  მიმდინარე წელს, გაგრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და 2021 წლისთვის უნდა  დასრულდეს აღნიშნული მიმართულების სრული რეაბილიტაცია.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან 2.5 საათში შეეძლება ტურისტს ცაგერის გავლით მესტიაში მოხვედრა. ხოლო, ლეჩხუმს საშუალება ექნება განავითაროს არსებული ძალიან დიდი პოტენციალი, რაც რეგიონის სრულფასოვნად განვითრებას შეუწყობს ხელს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: