ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისთვის ტენდერი ცხადდება
ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისთვის ტენდერი ცხადდება
05 თებ, 2019 12:15:31

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს   საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მორიგი ღია კარის დღე გამართა და დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნეს ასოციაციებს, დონორ ორგანიზაციებსა და სამშენებლო კომპანიებს ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისა და სატენდერო პირობების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ტენდერი ქვეშეთი-კობის გვირაბის ასაშენებლად თებერვლის მეორე ნახევარში გამოცხადდება და ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება საშუალება წინასწარ მოემზადოს მასში მონაწილეობის მისაღებად.

ქვეშეთი-კობის გვირაბი, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საინჟინრო მნიშვნელობით გამორჩეულია - 9 კმ-იანი გვირაბის სიგანე 15 მეტრი იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია არამხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ამ თვალსაზრისით, ქვეშეთი-კობის გვირაბი უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის  ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის  ნაწილია.  გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით, რაც გზის ამ მონაკვეთზე ხშირ და ხანგრძლივ შეფერხებებს იწვევს. ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად. ჯამში, დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23 კილომეტრამდე გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა.  ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს დღეს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ეს უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია და ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაო კვალიფიციურმა და შესაბამისი რესურსის მქონე კომპანიებმა შეასრულონ.

 „ღონისძიების მთავარი მიზანია, დიპლომატიურმა კორპუსმა, ყველა გამოცდილ კომპანიას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი მასშტაბური სამშენებლო პროექტის შესახებ, რაც გაზრდის კონკურენციას და შესაბამისად - კვალიფიციური, მაღალი დონის სამშენებლო კომპანიის გამარჯვების ალბათობას, ეს კი საუკეთესო შედეგის მიღებისთვის აუცილებელია. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო დონის გამოცდილი კომპანიები დაინტერესდებიან აღნიშნული პროექტებით და მონაწილეობას მიიღებენ ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

დაინტერესებულ პირებს, სატენდერო პირობების შესახებ ინფორმაციას გაცნობა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: http://www.georoad.ge/?lang=eng&act=tenders&func=menu&pid=1386068909.

 

პრეზენტაცია ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობის შესახებ  >>>>

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: