მეგზევეებმა პროფესიული დღე აღნიშნეს
მეგზევეებმა პროფესიული დღე აღნიშნეს
10 დეკ, 2018 19:51:23

10 დეკემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, "მეგზევის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წელს, მეგზევის დღის აღნიშვნის ტრადიციას 51 წელი შეუსრულდა. ღონისძიების ფარგლებში, 2018 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით შესრულებისთვის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რამდენიმე კომპანია დააჯილდოვა. ასევე, დაჯილდოვდნენ მეგზევეები, რომლებმაც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, საგზაო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. მაია ცქიტიშვილმა მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა: "კარგია რომ ეს დღე არსებობს და ამ დარგის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეიკრიბონ და ერთად აღნიშნონ "მეგზევის დღე", თქვენ ნამდვილად ისტორიას ქმნით თქვენი საქმით. მინდა გისურვოთ ბევრი ინოვაციის შემოტანა თქვენს სფეროში. სახელმწიფოსა და თქვენს შორის აუცილებლად უნდა იყოს მჭიდრო კავშირი, რათა შევძლოთ ურთიერთ თანამშრომლობით განვახორციელოთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ირაკლი ქარსელაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის შედეგებისა და მომავალი წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. "ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად ვაშენებდე ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურას. საოცარი გრძნობაა როცა შეგიძლია შენს შთამომავლობას აჩვენო შენი აშენებული გზა, ხიდი, გვირაბი. თქვენი და წინა თაობების დამსახურებაა, ის რაც ჩვენ უკვე გვაქვს საგზაო ინფრასტრუქტურაში, თუმცა დარწუნებული ვარ ერთად კიდევ ბევრ მასშტაბურ პროექტს განვახორციელებთ" - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ. მეგზევის დღის აღნიშნვას საფუძველი 51 წლის წინ, გიორგი რობიტაშვილმა ჩაუყარა (გიორგი რობიტაშვილი საგზაო დარგს 1939-1984 წლებში, 47 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა). რეგიონების წარმომადგენლებთან ერთად წლის შედეგების შემაჯამებელმა შეხვედრებმა 1967 წლიდან ტრადიციის სახე მიიღო, 80-იანი წლებიდან კი ოფიციალურ პროფესიულ დღედ იქცა.

პრეზენტაცია >>>

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: