ირაკლი ქარსელაძე მთის გზების პროექტთან დაკავშირებით პანკისისა და თუშეთის მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი ქარსელაძე მთის გზების პროექტთან დაკავშირებით პანკისისა და თუშეთის მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა
22 ნოე, 2018 14:45:40

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, სნო-ჯუთა-როშკა-არხოტი- შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის მიმართულებით, დაახლოებით  238 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია-მშენებლობის პროექტზე, თუშეთისა და პანკისის ხეობის წარმომადგენლებთან  შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და მისმა მოადგილემ ლევან კუპატაშვილმა, ადგილობრივებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ  დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

თავის მხრივ, თუშეთისა და პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დასვეს, რაზეც უწყების წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

აღსანიშვანია, რომ სნო-ჯუთა-როშკა-არხოტი- შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა, თუშეთისკენ მიმავალი, არსებული  ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაუქმების ხარჯზე არ მოხდება. როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, პირიქით, დაგეგმილია ფშაველი-აბანო-ომალოს გზის რეაბილიტაცია და მეწყრული მონაკვეთის შესწავლა, რათა თუშეთის მიმართულებით გადაადგილება უსაფრთხო გახდეს.

ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ დაგეგმილი წრიული მარშრუტი ძალიან მნიშვნელოვნია რეგიონისთვის და მთის განვითარებისთვის, აღარ იქნებიან ჩიხურ მდგომარეობაში, რაც ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას ამ მხარეში და მეტი დოვლათის შექმნას.

„ჩვენ მივესალმებით, პირდაპირ კომუნიკაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან, ყველა ვთანხმდებით იმაზე რომ გზა საჭიროა და აუცილებელია რეგიონის გასავითარებლად, მთაში კი განსაკუთრებით. გზა გაკეთდება მთის გზების სტანდარტების დაცვით და მოძრაობის უსაფრთხოების მაქსიმალური გათვალისწინებით“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

თუშების სათემო საბჭომ და პანკისის უხუცესთა კავშირმა, დეპარტამენტს, მხარდაჭერა აღუთქვეს პანკისისა და ხადორის ხეობების გავლით, თუშეთის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით.

შეხვედრის ბოლოს, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც ყველა საკითხზე მოხდება ურთიერთკომუნიკაცია და აზრთა გაცვლა.

სნო-ჯუთა-როშკა-არხოტი-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის გზის 70% არსებული გზების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია იქნება, დაახლოებით 30%-ზე კი ახალი გზის გაჭრა გახდება საჭირო. აღნიშნული პროექტის ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რამდენიმე მონაკვეთზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს, ნაწილზე კი - ახალი გზის მიმართულებებზე საპროექტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა ტურისტებისათვის, თავისი განსაკუთრებული ბუნებით, ასევე ისტორიული ძეგლებით. ბოლო პერიოდში ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობამ და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციამ, როგორიცაა, მაგალითად, ყაზბეგი, შატილი და მუცო, რეგიონი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახადა. ამასთან ერთად, ტურისტები სარგებლობენ არსებული ბილიკებით და მთა-თუშეთში გადადიან.

აღსანიშნავია რომ, საავტომობილო გზის არსებობის შემთხვევაში, ორი ტურისტული რეგიონი უფრო მიმზიდველი გახდება ვიზიტორებისთვის, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამავე დროს, აღნშნული გზების მშენებლობა, როგორც სასაზღვრო რეგიონისთვის, სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: