ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის ხელშეკრულება გაფორმდა
ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის ხელშეკრულება გაფორმდა
20 ნოე, 2018 12:59:19

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“ -სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.  სატენდერო წინადადება სულ 10-მა კომპანიამ წარმოადგინა. რის შემდეგაც შემოთავაზებული წინადადებების განხილვა მოხდა და დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ახალი გზის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“ -ის გენერალურმა მენეჯერმა გონგ ჟიჰუიმ მოაწერეს.

კომპანია „Hunan Road and Bridge Construction Group“ ძალიან დიდი გამოცდილების მქონე კომპანიაა. ის ბაზარზე 64 წელია მოღვაწეობს. ამ ხნის განმავლობაში, კომპანიას აშენებული აქვს: 1 000-ზე მეტი მასშტაბური სიდიდის და სირთულის ხიდი, მთლიანი სიგრძით - 330 კმ; 4 000 კმ-ზე მეტი სიგრძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ; 203 გვირაბი, რომელთა საერთო სიგრძე 168 000 მეტრია.

პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით)  და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია  3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი  –  საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.

ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.

პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.

ხევი-უბისას გზა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის შემადგენელი ნაწილია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარება კი, ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების უმსხვილეს კომპონენტს წარმოადგენს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: