სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა გაგრძელდება
სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა გაგრძელდება
13 ნოე, 2018 17:34:23

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში განახლდება.  დღეს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აკორდთან“ ხელშეკრულება გაფორმდა.

აღნიშნულ მონაკვეთზე, კომპანია „ალტკომის“ მიერ, შესრულებულია სამუშაოების მხოლოდ 24%, „ალტკომს“ ხელშეკრულება  ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეუწყდა. გამარჯვებულმა კომპანია „აკორდმა“  დარჩენილი 76%-ის მშენებლობა უნდა განახორციელოს. პროექტი, 11.5 კმ. გზაზე, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას, სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის.

პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა გაცილებით კომფორტული გახდება, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და დარჩენილი სამუშაოების ღირებულება   89 მილიონი  ლარია, სამუშაოების ვადად ხელშეკრულების დაწყებიდან 24 თვეა განსაზღვრული.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: