რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. აღნიშნული გზის სამშენებლო სამუშაოებს „Hunan Road and Bridge Construction Group“ -ი შეასრულებს. სატენდერო წინადადება სულ 10-მა კომპანიამ წარმოადგინა. რის შემეგაც შემოთავაზებული წინადადებების განხილვა მოხდა და დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა.
პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია 3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი – საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.
ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის,
რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.