საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნეს ასოციაციებსა და დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური პროექტის, რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ამ მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.მოწვეულ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ გააცნეს.პროექტი, ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ასევე, დაგეგმილია 22 ახალი ხიდისა და 3 გვირაბის მშენებლობა, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, სადრენაჟო სისტემების მოწყობა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება. რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციადაა დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.„უკვე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, დღევანდელ ღონისძიებაზე მოვიწვიეთ ყველა დაინტერესებული მხარე, რათა გავაცნოთ რიკოთის ოთხიდან ერთ-ერთი მონაკვეთის სატენდერო პირობები. მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკვე ცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე და იმედი გვაქვს, რომ გამარჯვებული კომპანია წარმატებით გაართმევს თავს ამ საკმაოდ რთულ საინჟინრო პროექტს. მთლიანობაში, რიკოთის პროექტი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია, 2022 წელს დასრულდება“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. რიკოთის საუღელტეხილო გზის კიდევ ორ მონაკვეთზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები რამდენიმე დღეში გამოვლინდება. პარალელურად, დაიწყება მუშაობა დაბა სურამის განვითარების გეგმის შემუშავებაზე, რაც სურამს ქაოტური მშენებლობებისაგან დაიცავს და ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის განვითარებას.„რიკოთის მთლიან მონაკვეთზე, დაახლოებით, 3 მილიარდი ლარი დაიხარჯება. ცხადია, სატენდერო პროცედურების შემდეგ ეს თანხა დაზუსტდება. შესაბამისად, როგორც პროექტის სირთულითა და მოცულობით, ასევე მისი ღირებულებით, ესაა ყველაზე მასშტაბური მშენებლობა, რომელიც აქამდე განხორციელებულა. აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გავლას, წითელი ხიდიდან სარფამდე, სიჩქარის შეზღუდვის გათვალისწინებით, დაახლოებით 8 საათი სჭირდება, ამ პროექტის დასრულების შემდეგ კი ამ გზას ოთხსაათნახევარში დავფარავთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა სტანდარტი, რომელიც საგზაო უსაფრთხოებასა და საერთაშორისო პარამეტრებს ეფუძნება, დაცულია“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
პრეზენტაცია ჩუმათელეთი-ხევის ტენდერზე >>>>