საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ირაკლი ქარსელაძე 9 თვის ბიუჯეტის ათვისების პრობლემებზე და 3 ძირითად მიზეზზე საუბრობს
ირაკლი ქარსელაძე 9 თვის ბიუჯეტის ათვისების პრობლემებზე და 3 ძირითად მიზეზზე საუბრობს
23 ოქტ, 2018 19:51:04

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძე, ტელეკომპანია ტვ 1-ის პირდაპირ ეთერში, 9 თვის ჭრილში სამინისტროს ბიუჯეტის ათვისებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სამინისტროს აქვს 80% -იანი ათვისება. მან, აუთვისებელ თანხებთან დაკავშირებით გამოყო 3 ძირითადი მიზეზი: 1. სამინისტროს ბიუჯეტის ზედმეტად ოპტიმისტური და არასწორი დაგეგმარება; 2. საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მიზეზით გამოწვეული სამუშაოების შესრულების დაგვიანება; 3. განსახლებისა და მოსახლეობის მიერ შექმნილი პრობლემები.

„საგზაო დეპარტამენტის ჭრილში 650 მილიონი უნდა შესრულებულიყო  და შესრულებულია 503 მილიონი, ანუ დანაკლისია 150 მილიონი ლარი, აქედან უმეტესი წილი მაგისტრალური გზების მშენებლობაზე მოდის. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია, რომ პრობლემურია სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტი - გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე წელია შექმნილია სირთულეები, მოგეხსენებათ, უკრაინულ კომპანიასთან გაფორმებული  ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვეტილია და ამ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ამ მონაკვეთზე დარჩენილი სამუშაოების განხორციელების შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულ კომპანიას 1 ნოემბრამდე აქვს გარანტიის წარმოდგენის ვადა. ამის შემდეგ კი, მოხდება ხელშეკრულების გაფორმება.    

მეორე და მეოთხე მონაკვეთზე, რომელზეც სამუშაოებს ჩინური კომპანიები „სინოჰიდრო“ და „ჩაინა რეილვეი 23“ ახორციელებენ, წარმოქმნილი ჯდენების შესახებაც ყველასთვის ცნობილია, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა გზის საფარის მოწყობა. „სინოჰიდროს“ შემთხვევაში, სამუშაოები, სადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია გრძელდება და კონტრაქტორს უკვე ეკისრება, სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო „ჩაინა რეილვეი 23“-ის შემთხვევაში, სამუშაოები ასევე გრძელდება, იქ სადაც ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც 2018 წლის დეკემბრის ბოლომდეა, ასევე დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ამ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს გარემოება, რომ აღნიშნულ მონაკვეთებზე, მიუხედავად არსებული ჯდენებისა, 2018 წელს ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 100 მილიონი ლარის ათვისება, რაც დამეთანხმებით, ზედმეტად ოპტიმისტური მიდგომაა.

რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთს, იტალიურმა კომპანია „ტოდინმა“, 1 წლის განმავლობაში არ დაიწყო სამუშაოები, რის გამოც დაწყებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული ღონისძიებები ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის ჩათვლით.

მესამე მონაკვეთის განსახორციელებლად გათვალისწინებული იყო 30 მილიონი ლარი.

ჯამში, სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთზე 2018 წელს დაგეგმილი 145 მილიონი ლარის სამუშაოს შესრულებიდან, 9 თვეში შესრულდა 40 მილიონ ლარის სამუშაოები, ხოლო 2018 წლის სავარაუდო შესრულება სულ იქნება დაახლოებით 50 მილიონი ლარი“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

როგორც ირაკლი ქარსელაძე განმარტავს, ჩამორჩენებია ასევე, ზემო ოსიაური- ჩუმათელეთის მონაკვეთზე  და ე.წ. მთის გზების პროგრამაში, რაც თავიდანვე არასწორადაა დაგეგმილი.  საერთო ჯამში მსგავსი სახის დიდი პროექტების ზედმეტად ოპტიმისტურად და არასწორად დაგეგმვამ გამოიწვია ეს აუთვისებელი 155 მილიონი ლარი.

„ისეთი პროექტებია შეტანილი ბიუჯეტში სადაც დონორი არ იყო ცნობილი და ბიუჯეტში ამის ჩადება სწორი არ იყო. ანაკლიის პორტთან მისასვლელ გზაზე და რკინიგზაზეც 170 მილიონი იყო გამოყოფილი და შემდეგ მაშინვე მოხდა ხელშეკრულების გახანგრძლივება. დაახლოებით 235 მილიონი ლარი ზედმეტად ოპტიმისტურად იყო დაგეგმილი“- აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ყველა პრობლემურ საკითხზე აქტიურად მუშაობენ:  „355 მილიონი ლარი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი და ეს ათვისებულია, მეიტიც შესაძლოა გადაჭარბებითაც კი შესრულდეს ამ კუთხით. ასევე, 3 დიდი ტენდერი იყო გათვალისწინებული წლის ბოლომდე და მათი წარმატებით დასრულების შემთხევაში აქაც იქნება 100 % -იანი შესრულება  და მცირე გადაჭარბებაც არის მოსალოდნელი. ჩვენ ეხლა დამოკიდებული ვართ კანონიერ და პროცედურულ მომენტებზე. არ ვაპირებთ რაიმე კომპრომისზე წასვლას - ბიუჯეტის ასათვისებლად, ტენდერები ვერ შედგება კანონდარღვევით“ - ამბობს ირაკლი ქარსელაძე.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: