რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ეფექტიანი მმართველობისთვის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ეფექტიანი მმართველობისთვის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა
02 ოქტ, 2018 15:42:30

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს, საგანმანათლებლო სფეროს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული კადრების მოძიების სფეროში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებს სტრუქტურული ცვლილებების, ადამიანური აქტივების განვითარებისა და ვაკანტურ პოზიციებზე გამოსაცხადებელი კონკურსის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ვაკანსიებზე კონკურსი, როგორც რიგითი, ისე საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტების შესარჩევად გამოცხადდება.

„ჩვენს პარტნიორებს გავაცანით ის საჭიროებები, რაც გვაქვს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა კვალიფიციური კადრების, სპეციალისტების მოძიება, რათა სწორად დავგეგმოთ და ვმართოთ ჩვენი პროექტები. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, სატრანსპორტო თუ წყლის ეკონომიკის საკითხებს, რაც ჩვენს საქმიანობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ვისაუბრეთ იმ ვაკანსიებზე, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ პირს მონაწილეობა მიიღოს კონკურსებში“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრთან ერთად, დღეს პრეზენტაციები წარადგინეს, მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ.

სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  სტრუქტურა სრულად განახლდა, არსებული ფუნქციები უფრო ეფექტიანად გადანაწილდა და დაემატა ახალი კომპეტენციები. ანალიზის საფუძველზე, გამოიკვეთა შემდეგი სფეროების გაძლიერების საჭიროება: საინჟინრო-ტექნიკური, გარემოს დაცვის, პროექტების მართვის და სხვა მიმართულებები. ასევე იგეგმება, თანამშრომლების გადამზადება სასწავლო კურსების, გაცვლითი პროგრამებისა და წარმატებულ ორგანიზაციებში პრაქტიკული ტრენინგების საშუალებით.

ანალიზის შედეგად გამოვლინდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში უცხოელი ექსპერტების გრძელვადიანი ჩართვის საჭიროება. ისინი თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ თანამშრომლებს სხვადასხვა მიმართულებით, ესაა: საინჟინრო (გზები, გვირაბები, ხიდები), პროექტების (პროექტების მართვა და ანგარიშგება; design&build), სტიქიების პრევენცია, ტრანსპორტის ეკონომიკა და საგზაო ინფრასტრუქტურის დაგეგმარება, მოვლა-შენახვა და პერიოდული შეკეთება, საერთაშორისო შესყიდვები, ინფრასტრუქტურული აქტივების მართვა, გეოლოგია და გეოტექნიკა, გარემო და განსახლება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კი, გეგმავს გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემის გაძლიერებას,  ავტომატური მართვის დანერგვას და ამ მიმართულებებით შესაბამისი კადრების შერჩევას.

ვაკანსიებთან დაკავშირებით ინფორმაცია განთავსდება შემდეგ ვებგვერდებზე:  www.georoad.ge, www.water.gov.ge, www.hr.gov.ge და www.jobs.ge. კონკურსში ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობა.

კონკურსი ჩატარდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად,  გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპის სრული დაცვით. პროცესი ხელს შეუწყობს პროფესიონალი კადრების შერჩევას, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი პერსონალის მოზიდვას, რომელთა ჩართულობაც მნიშვნელოვანი იქნება საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განვითარებისა და სამომავლო გეგმების განხორციელებისათვის.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: