ქვეშეთი-კობის პროექტზე გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალური საკითხები განიხილეს
ქვეშეთი-კობის პროექტზე გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალური საკითხები განიხილეს
16 აგვ, 2018 11:48:09

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ქვეშეთი-კობის 22.7 კმ-იანი მონაკვეთის პროექტზე, სკოპინგის ანგარიშის განხილვა გაიმართა.

განხილვას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების სპეციალისტები, საპროექტო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, პროექტის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარადგინა კომპანია „გამა“ კონსალტინგმა. პროექტზე თავდაპირველად არსებობდა 9 ალტერნატივა, შემდგომ შეირჩა 5 ალტერნატივა და საბოლოოდ განიხილებოდა 3 ალტერნატივა, რომელთაგან გარემოზე ნაკლები ზემოქმედებისა და სხვა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით შეირჩა საბოლოო მიმართულება.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის. ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად.

პროექტის განხორციელების შედეგად, მივიღებთ უფრო უსაფრთხო და საიმედო პირობებს ზამთრის პერიოდში გზით მოსარგებლე მგზავრებისთვის,  გარდა ამისა ახალი გზა აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს.

გზა ასევე გაუუმჯობესებს ხეობაში დარჩენილ მოსახლეობას საარსებო პირობებს, რომელიც ამ დროისთვის ზამთარში მოწყვეტილია დანარჩენ სამყაროს და ხადას ხეობის სოფლები თითქმის დაცლილია.

ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1 საათიანი მგზავრობის ნაცვლად აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: