საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები შემცირდა
საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები შემცირდა
05 იან, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ძირითადი გზა განვლადია.  საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები კი მინიმუმადეა დაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს მასშტაბით, ფუნქციონირებს 111 საყრდენი პუნქტი, სადაც  მობილიზებულია შესაბამისი თოვლმწმენდი ტექნიკა, ადამიანური რესურსები და ტექნიკური მარილის მარაგი. საყრდენი პუნქტები და ზამთრის მოვლა-შენახვის მწარმოებელი კომპანიები მუშაობენ 24 საათიან რეჟიმში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილებზე მეთვალყურეობენ და კოორდინაციას უწევენ მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს.

ამ დროისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი დასავლეთ საქართველოში საავტომობილო  გზებზე არსებული ვითარების   მონიტორინგს პირადად ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 31 დეკემბრიდან უხვი ნალექის გამო  გადაადგილება გართულდა დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. კერძოდ, ინტენსიური თოვის შედეგად მოკლე დროში მოსული უხვი ნალექის გამო, მოძრაობის შეფერხება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში,  რაჭა-ლეჩხუმში, აჭარასა და გურიაში.  რამდენიმე დღის განმავლობაში,  70-80 სმ. თოვლის საფარის პირობებში, ცენტრალურ გზებზე განვლადობის შესანარჩუნებლად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სადღეღამისო რეჟიმში იმუშავეს. 

3-4 იანვარს გზებზე გადაადგილება განსაკუთრებით გართულდა დასავლეთ საქართველოში, სადაც ქარბუქისა და ძლიერი თოვის გამო შეზღუდული იყო ხილვადობა, ხოლო გზებზე წარმოიქმნა ლიპყინული და თოვლის გროვები ნამქერის სახით.

რთული ვითარება იყო კახეთშიც, კერძოდ, ვაზიანი-გომბორისა და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე, სადაც დღეისათვის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ გზებზე 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. დღეისათვის, გრძელდება სავალი ნაწილის ქვიშა-მარილით დამუშავება.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი შავია, ამ დროისათვის მოხსნილია ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმიც. აღსანიშნავია, რომ აკრძალვა დაწესებული იყო პრევენციის მიზნით, რადგან ყინვის პირობებში, მისაბმელიანი მანქანების მიერ შექმნილი შეფერხების შემთხვევაში არსებობდა გზის მთლიანად ჩაკეტვის რისკი.

ამ დროისათვის, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმებდაწესებულია სამ საავტომობლო გზაზე:

  • მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა–გუდაურის(ფოსტას) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთისა და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.
  • ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ50-კმ71 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.
  • ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

რთული მეტეოროლოგიური პირობების - ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრაობა აიკრძალა 3 საავტომობილო გზაზე:

  • კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.
  • ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა.
  • ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ30 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა.
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: