საქართველოში ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი საგზაო პროექტი წელს იწყება
საქართველოში ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი საგზაო პროექტი წელს იწყება
13 ოქტ, 2015 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოში ყველაზე მსხვილბიუჯეტიან საგზაო პროექტს იწყებს. 
სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 -კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „სინოჰიდროსთან“ ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა დღემდე განხორციელებული საგზაო პროექტებიდან ყველაზე მაღალი ღირებულებისაა და მისი ბიუჯეტი 254 მილიონ ლარს შეადგენს. 
ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში იუე ბინი ესწრებოდნენ. 
ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მაია ქალიაშვილმა და „სინოჰიდროს“ პრეზიდენტის თანაშემწე ლუ ლიუშანმა მოაწერეს. 
სამტრედია-გრიგოლეთის გზა (სულ 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება) ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდ. ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. ამ გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად (ლოტად) ხორციელდება. პირველ და მეოთხე მონაკვეთზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მეორე მონაკვეთზე კი სამშენებლო სამუშაოები წელს დაიწყება და მშენებლობის პროცესის დაწყებიდან 30 თვეში დასრულდება. 
სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 9 სახიდე გადასასვლელის, 3 სატრანსპორტო კვანძისა და 76 სწორკუთხა მილის (მიწისქვეშა გასასვლელელები, საქონლის და საველე გასასვლელები) მშენებლობას ითვალისწინებს. 
პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა. 
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: