გზისპირა კლდეების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
გზისპირა კლდეების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
22 სექ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ქვეყნის ძირითად მაგისტრალებზე გზისპირა კლდეების გაწმენდითი გეგმიური  სამუშაოები მიმდინარეობს.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე სამუშაოების მიმდინარეობას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი გაეცნო.

პრევენციის მიზნით, კლდეებიდან ქანების ჩამოწმენდის სამუშაოები ყოველწლიურად სრულდება, თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, ჭარბი ნალექების გამო  ქანების შლის პროცესი გააქტიურდა და ქვათაცვენის პრობლემა უფრო აქტუალური გახდა (განსაკუთრებით საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე, სადაც ავტოტრანსპორტის ნაკადების ინტენსივობა მაღალია).

გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, სადაც ქვათაცვენის პრობლემის მოგვარების მიზნით, დაგეგმილია გზისპირა კლდოვანი მასივის ბადეებით შემოფარგვლა (2013-2014 წლებში, ამავე ტექნოლოგიით მოგვარდა ფოთი-ბათუმი-სარფის გზის სარფის მონაკვეთზე  კლდიდან ქვათაცვენის პრობლემა).  

წელს, ქვეყნის ძირითად მაგისტრალებზე, ქვათაცვენის  პრევენციული სამუშაოები აგვისტოში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდება. ამ დროისათვის, დასრულებულია გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონისა და ბათუმი–ახალციხე–ქედის მონაკვეთების გაწმენდა. ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის 154-ე კმ.),  ხაშური–ბორჯომის,  ზუგდიდი–ჯვარი–მესტიისა და ბორჯომი–ბაკურიანი–ახალქალაქის საავტომობილო გზებზე არსებული კლდის ფერდობების ჩამოწმენდის სამუშაოები.

გზისპირა კლდოვანი მონაკვეთების გაწმენდით სამუშაოებს, სპეციალური თანამედროვე  აღჭურვილობითა  და საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით,  პროფესიონალი მთამსვლელები ასრულებენ.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: