განახლებული საავტომობილო გზა კახეთის 10 სოფლისთვის
განახლებული საავტომობილო გზა კახეთის 10 სოფლისთვის
21 ოქტ, 2014 00:00:00

ჩალაუბანი–სიღნაღი-ანაგას 6,4-კილომეტრიანი ახლადრეაბილიტირებული გზა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიავილმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ, კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა და საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა დღეს ერთად გახსნეს. ოფიციალური გახსნის შემდეგ დავით შავლიაშვილი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათი საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეს გზა სიღნაღის მუნიციპალიტეტის 10 სოფელს ემსახურება და ერთადერთია, რომელიც ამ სოფლებს მუნიციპალურ ცენტრთან აკავშირებს. მისით მუდმივად სარგებლობს 20 000 ადამიანი. დღეიდან, სოფლიდან ცენტრამდე მათი მგზავრობის დრო განახევრდება, შემცირდება სატრანსპორტო ხარჯები და მოძრაობა უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

ჩალაუბანი–სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის (კმ16–კმ22) რეაბილიტირებული მონაკვეთი სიღნაღის რაიონში იწყება და უერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზას სოფელ ანაგას ტერიტორიაზე. პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე (SLRP II) პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მისმა  ღირებულებამ 3 222 900 ლარი შეადგინა. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და სამუშაოები ს.ს „კავკასავტომაგისტრალმა“ შეასრულა. სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანების 50% იყო ადგილობრივი მოსახლე.

პროექტის შესაბამისად განხორციელდა:  გზის სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობების, ბორდიურების, ეზოში შესასვლელებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები.  შეკეთდა არსებული და მოეწყობა ახალი წყალგამტარი მილები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. ასევე, მოეწყო რკინაბეტონის საყრდენი კედლები და მიერთებები.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის რეგიონში, წელს, 23 პროექტს ახორციელებს, მათ შორის - საგზაო მონაკვეთების სარეაბილიტაციო და ნაპირსამაგრ სამუშაოებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: