ავტობანის ახალი მონაკვეთი გაიხსნა
ავტობანის ახალი მონაკვეთი გაიხსნა
10 ოქტ, 2014 00:00:00

დღეს, 10 ოქტომბერს, 12:00 საათზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი–აგარას მშენებარე მონაკვეთის 5 კილომეტრიანი საავტომობილო გზა გაიხსნა. ავტობანის ახალი მონაკვეთი ოფიციალურად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუე ბინმა გახსნეს. გახსნას ასევე ესწრებოდნენ რუისი–აგარას მონაკვეთის მშენებელი კომპანიის „ჩაინა ნუქლიარ ინდასთრის“ დირექტორი ჰან ნაიშანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დღეიდან, აღნიშნულ მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  ახალ გზაზე გადაერთვება.

რუისი–აგარას სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე საერთო ჯამში 19 კილომეტრია. პროექტის ღირებულება 70 მილიონი ლარს შეადგენს და დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკია. სამუშაოებზე 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% ადგილობრივი მცხოვრებია, რომელთა დიდი ნაწილი მიმდებარე სოფლების მოსახლეობაა.

პროექტი ითვალისწინებს, აღნიშნულ გზაზე ორდონიანი გადაკვეთების მოწყობას, სადაც  5 გზაგამტარი და 3 სახიდე გადასასვლელი აშენდება.

რუისი–აგარას მონაკვეთის მშენებლობის შედეგად, გაუმჯობესდება მონაკვეთზე საგზაო ქსელი, მოხდება მისი მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრება, ასევე, გაიზრდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობის უსაფრთხოების დონე.

E60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარის დარჩენილ  მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში გრძელდება, მშენებლობა სრულად 2015 წელს დასრულდება.

წლის ბოლომდე რუისი–აგარას მონაკვეთზე  ჯამში ახალი 11კილომეტრი და ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კილომეტრი გზა გაიხსნება.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: