კახეთის რეგიონში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 8კმ–იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 3 მილიონ 663 ათას 116 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შ.პ.ს. საგზაო–სამშენებლო–სარემონტო კომპანია „სერპანტინი“ ასრულებს.
საავტომობილო გზის 8კმ–იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის 4 აპრილს დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. ამ დროისათვის, მიმდინარეობს რეციკლირების, ასფალტის საფარის დაგების და მონაკვეთზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. იგი იწყება სოფელ ფშაველის (საავტომობილო გზის ახმეტა-ყვარელი–ნინიგორი-ლაგოდეხის მარცხენა მიერთება 22-ე კმ-ზე) და მთავრდება სოფელ ლეჩურის ტერიტორიაზე. აღნიშნული გზა წარმოადგენს ერთადერთ დამაკავშირებელ გზას დაბა ომალოსთან და უნიკალური ტურისტული მნიშვნელობის ტერიტორიებთან, შესაბამისად გზა გამოიყენება, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე ტურისტული დანიშნულებით.