ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთი-ზარიძეებიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთი-ზარიძეებიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
27 მაი, 2014 00:00:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თიანეთი-ზარიძეების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პრემიერი მცხეთა-მთიანეთში რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.   

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის თიანეთი-ზარიძეების მონაკვეთის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2013 წლის სექტემბერში დაიწყო.  ობიექტზე გზის საფარი 9 კილომეტრის მანძილზე დანამატებით გაუმჯობესებული მოდიფიცირებული ასფალტობეტონის ნარევით მოეწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 3 ხიდს, გოფრირებულ წყალგამტარ მილებს, სანიაღვრე ქსელს, ლითონის მრუდხაზოვან ძელებსა და სასიგნალო ბოძკინტებს. ასევე, ჩატარდა ტროტუარების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები.

პროექტი სამშენებლო კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ განახორციელა და მისი საერთო ღირებულება 8 888 888.00 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 174 პირი დასაქმდა.

ამჟამად, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამშენებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დამატებით, 13-კილომეტრიანი გზის მონაკვეთს უტარდება. 21,177 მლნ. ლარის ღირებულების პროექტს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „თბილისი“ ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ეს გზა 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. გზაზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებამდე თიანეთი-ზარიძეების გზის ტექნიკური მდგომარეობა ვერ აკმაყოფილებდა თიანეთის მუნიციპალიტეტის  მოთხოვნებს. უგზოობის გამო, მწვავედ იდგა მოსახლეობის ადგილზე დამაგრებისა და დემოგრაფიული განვითარების პრობლემები, გართულებული იყო სატრანსპორტო კავშირი დედაქალაქთან და მეზობელ რაიონულ ცენტრებთან.

თიანეთი-ზარიძეების საატომობილო გზის 23-კილომეტრიანი მონაკვეთის  რეაბილიტაცია ავტოტრანსპორტის საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებულ მოძრაობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მგზავრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეუმცირდება სატრანსპორტო ხარჯები და მგზავრობის დრო.

თიანეთი-ზარიძები-ჟინვალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები   2015 წლის ბოლოს დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების გარდა, ირაკლი ღარიბაშვილი და ელგუჯა ხოკრიშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

წყარო: www.mrdi.gov.ge
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: