აზიის განვითარების ბანკის მისია ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის მონიტორინგს ახორციელბს
აზიის განვითარების ბანკის მისია ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის მონიტორინგს ახორციელბს
14 მაი, 2014 00:00:00

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირალი ლითანიშვილი და აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენელი პრიანკა სენევირატნე, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის მონიტორინგს უშუალოდ, სამშენებლო ობიექტზე ახორციელებენ. სამუშაო შეხვედრას, ასევე, პროექტის კოორდინატორი ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრიდან არჩილ ჯორბენაძე,   პროექტის განხორციელების კონსულტანტი მურმან კაციტაძე და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი გიორგი კიზირია ესწრებოდნენ.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნული გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. 

ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი I – 12.4 კმ–იანი მონაკვეთის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა, რაც შეეხება ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი II სამშენებლო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული  ჩინური სამშენებლო კომპანია „სინოჰიდრო“ ასრულებს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი; ასევე,  შენდება 16 ხიდი, 7 გზაგამტარი, 2 გვირაბი და 64 წყალგამტარი მილი.

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის მშენებლობა 2013  წელს დაიწყო და 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 209 მილიონ ლარს შეადგენს.

აჭარის ზღვისპირა ქალაქებზე გამავალი, განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობით გამორჩეული E-70 ავტომაგისტრალი წლების მანძილზე დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს. აღნიშნული გზის მშენებლობის შედეგად, აჭარის ზღვისპირა ზოლიდან ავტოტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაირთვება, რაც კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებას და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: