ტექნიკურმა საბჭომ ახალი გზების მშენებლობის პროექტები განიხილა
ტექნიკურმა საბჭომ ახალი გზების მშენებლობის პროექტები განიხილა
14 მაი, 2014 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი ამაშუკელი და სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ სუდაძე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური საბჭოს სხდომას დაესწრნენ.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს, მათ შორის ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის 17-კილომეტრიანი საავტომობილო გზის სამშენებლო გეგმის ძირითადი მიმართულებები. პროექტზე შ.პ.ს.  „საქგზამეცნიერება“ მუშაობს. წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული გზის მონაკვეთი 8 მეტრის სიგანის იქნება, აშენდება 3 გზაგამტარი და სატრანსპორტო კვანძი. მარნეული-ალგეთის საგზაო მონაკვეთის მშენებლობა მნიშვნელოვნად განტვირთავს საგზაო მოძრაობას ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუსთავი-თბილისისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამავე გზით ისარგებლებენ სატრანზიტო ტვირთის გადამზიდავებიც.

გარდა ამისა, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, დაწყებულია ქუთაისში შესასვლელი გზის (ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზა) ნიკეას ქუჩის მონაკვეთის საპროექტო სამუშაოები. მისი სიგრძე 4 კილომეტრი იქნება, სიგანე კი - 6-6,5 მეტრი. მას შემდეგ, რაც შ.პ.ს. „ტრანსპროექტი“ საპროექტო სამუშაოებს დაასრულებს, მზა პროექტი საქართველოს მთავრობას წარედგინება. მოწონების შემთხვევაში  მოხდება საჭირო თანხების მობილიზება და გზის მშენებლობისთვის  შესაბამისი სამუშაოები დაიწყება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკურმა საბჭომ სხდომაზე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკას 7 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წინასწარი საპროექტო გადაწყვეტილებებიც განიხილა. ასევე, იმსჯელა მდინარე ცხენისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზანშეწონილობის საკითხზე. 

წყარო: www.mrdi.gov.ge
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: