შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის სამშენებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასკვნით ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. კმ10-კმ23 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტზე ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 10 მარტს გამოაცხადა, ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ თბილისთან“ გაფორმდა.
სამშენებლო კომპანია „თბილისი“ ხელშეკრულების თანახმად კმ10-კმ23 გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს დაასრულებს, რის შედეგადაც თიანეთი-ზარიძები-ჟინვალის გზის რეაბილიტაცია დასრულდება, პროექტის ბიუჯეტი 21,177 მლნ. ლარს შეადგენს.
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა 9 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. აღნიშნულ ობიექტზე გზის საფარი დანამატებით გაუმჯობესებული მოდიფიცირებული ასფალტ-ბეტონის ნარევით მოეწყო. რეაბილიტირებულ იქნა 3 ხიდი, გოფრირებული წყალგამტარი მილები, სანიაღვრე ქსელი, ლითონის მრუდხაზოვანი ძელები და სასიგნალო ბოძკინტები, ასევე ჩატარდა ტროტუარების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის 9 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "ბლექ სი გრუპი" ახორციელებს, ღირებულება 8 888 888.00 ლარს შეადგენს.
აღნიშნული გზა 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია, გზაზე არასოდეს ყოფილა ასფალტის საფარი.
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საატომობილო გზის 23კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებულ მოძრაობას, ასევე მგზავრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სატრანსპორტო ხარჯები და მგზავრობის დრო შეუმცირდებათ.